top of page

GAD

  • mspfgeorgia
  • Jul 30, 2024
  • 3 min read

Updated: Aug 6, 2024

შფოთვა ნორმალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად შფოთავს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ჯანმრთელობა, ფინანსები, ოჯახური პრობლემები, პოლიტიკური დაძაბულობა ან სწავლის თანმდევი სტრესი. თუმცა, როდესაც შფოთვა ყოველდღიურობას სრულებით მოიცავს, რაც ადამიანის სოციალურ ცხოვრებას არღვევს, ეს უკვე ნორმის ფარგლებს ცდება და იგი, შესაძლოა, გენერალიზებულ შფოთვით აშლილობაზე (GAD) მიანიშნებდეს.

GAD ნელა, თანდათანობით ყალიბდება, თუმცა, აღნიშნული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები ხშირად აღნიშნავენ, რომ ისინი მთელ ცხოვრებას შფოთვაში ატარებენ. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ამ მდგომარეობას ხშირად ტალღური მიმდინარეობა ახასიათებს: ცხოვრების რაღაც პერიოდებში ჩივილების ინტენსივობა მნიშვნელოვნად იმატებს, ზოგჯერ კი პირიქით, იკლებს. სტატისტიკურად GAD უმეტესად ქალებში გამოვლინდება, თუმცა, შესაძლოა, ამის მიზეზი ის იყოს, რომ ეს უკანასკნელნი კაცებთან შედარებით ექიმს უფრო დროულად მიმართავენ ხოლმე. 


გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს ადამიანების შფოთვა ექსტრემალურ ნიშნულს აღწევს და იგი ყოველდღიური ცხოვრების ერთდროულად რამდენიმე ასპექტზე ვრცელდება. ფსიქოლოგიური აშლილობების სადიაგნოსტიკო და სტატისტიკური სახელმძღვანელოს (DSM-5) მიხედვით: 


A. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა ეს არის გადაჭარბებული შფოთვა და ნერვიულობა, რომელიც ბოლო 6 თვის მანძილზე, დროის უმეტეს ნაწილში ვლინდება და იგი სხვადასხვა მოვლენასა და აქტივობაზე ვრცელდება

B. ინდივიდს უჭირს ნერვიულობის კონტროლი 

C. შფოთვა და ნერვიულობა ასოცირებულია ქვემოთ ჩამოთვლილი ექვსი სიმპტომიდან მინიმუმ სამთან და მათი ხანგრძლივობა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დროის უმეტეს ნაწილშია გამოხატული

  1. მოუსვენრობა და ზღვაზე ყოფნა

  2. ადვილად დაღლა

  3. კონცენტრაციის დაქვეითება

  4. გაღიზიანებადობა

  5. კუნთების დაჭიმულობა

  6. ძილის დარღვევა (ჩაძინების გართულება, ძილის შენარჩუნება, ან მოუსვენარი, არადამაკმაყოფილებელი ძილი)

D. შფოთვა, მღელვარება ან ფიზიკური სიმპტომები კლინიკურად საყურადღებო დისტრესს იწვევს, ან არღვევს სოციალურ, სამსახურებრივ თუ ფუნქციონირების სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს.

ree

GAD-ის სიმპტომები ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია, მაგრამ ყველაზე ხშირ ჩივილებს მიეკუთვნება:

  • ჩაძინების გაძნელება ან წყვეტილი ძილი

  • კანკალი

  • კუნთების სპაზმი

  • კუნთების დაჭიმულობა

  • თავის ტკივილი

  • ადვილად გაღიზიანებადობა

  • ჭარბი ოფლიანობა

  • “ცხელი ალები”

  • სუნთქვის გაძნელება

  • გულისრევა

  • გახშირებული შარდვა

  • ყელში ბურთის გაჩრის შეგრძნება

  • ძლიერი დაღლილობის განცდა

  • კონცენტრაციის გაძნელება

  • გადაწყვეტილებების მიღების გაძნელება

  • მოდუნების შეუძლებლობა

ხშირად გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დიაგნოზის მქონე ადამიანები ზემოთ ჩამოთვლილი სომატური ჩივილების გამო სხვადასხვა სპეციალობის ექიმებს მიმართავენ. ამ პროცესში მათ უამრავი ანალიზის ჩატარება და მკურნალობის კურსის გავლა უწევთ, სანამ საბოლოოდ ფსიქიატრს მიმართავენ.


გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას არაპათოლოგიური შფოთვისგან რამდენიმე მახასიათებელი გამოარჩევს. 

  1. GAD-ის დროს შფოთვის, ან მღელვარების ხარისხი ექსტრემალურ ნიშნულს აღწევს და იგი საგრძნობლად არღვევს ფსიქოსოციალურ ფუნქციონირებას. უბრალო შფოთვის დროს ინტენსივობა გაცილებით დაბალია და მისი კონტროლი გაცილებით უფრო მარტივია.

  2. GAD-ის დროს მღელვარება უწყვეტ ხასიათს ატარებს და ხშირად იგი რაიმე მნიშვნელოვანი გამღიზიანებლის გარეშე ვლინდება. შფოთვა ადამიანის ცხოვრების რამდენიმე ასპექტზე ერთდროულად ვრცელდება - ადამიანები ნერვიულობენ საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე, ღელავენ შვილების უსაფრთხოებაზე, ნერვიულობენ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაზე და ა.შ. 

  3. უბრალო შფოთვის დროს ფიზიკური სიმპტომატიკა (მოუსვენრობა, კუნთების დაჭიმულობა) გამოხატული არ არის.

ree

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ GAD განვასხვაოთ სხვა მდგომარეობებისგან, რომელთა კლინიკურ სურათში შფოთვას/ნერვიულობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. 

  • სხვა სამედიცინო პრობლემებით გამოწვეული შფოთვითი აშლილობა - ამ დროს GAD-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამომწვევი რეალურად სხვა სამედიცინო პრობლემაა (მაგ. ფეოქრომოციტომა, ჰიპერთირეოდიზმი)

  • ნივთიერებათა მოხმარებით / მედიკამენტებით გამოწვეული შფოთვა - აღნიშნულ დროს შფოთვის სიმპტომები პირდაპირ კავშირშია ნივთიერების მავნე მოხმარებასთან, ან იგი მედიკამენტური მკურნალობის გვერდითი ეფექტია.

  • სოციალური შფოთვითი აშლილობა - სოციალური შფოთვითი აშლილობის დროს შფოთვისთვის დამახასიათებელი ჩივილების გამოვლენა ისეთ სოციალურ სიტუაციებზეა დამოკიდებული, სადაც ადამიანი სხვებისგან განსჯას მოელის (მაგ. საჯაროდ სიტყვით გამოსვლა, პირდაპირ ეთერში ინტერვიუს მიცემა და ა.შ.). მისგან განსხვავებით, GAD-ის დროს მნიშვნელობა არ აქვს, ვინმე კრიტიკული თვალით გვაკვირდება თუ არა - ჩივილები მაინც სახეზეა.

  • განშორების შფოთვითი აშლილობა - ამ დროს შფოთვა მხოლოდ ემოციურად მიჯაჭვულ ადამიანთან განშორების კონტექსტში ვლინდება და მას მუდმივი ინტენსივობა არ აქვს.

  • პანიკური აშლილობა - GAD-ის დიაგნოზის მქონე ადამიანებს ზოგჯერ ნერვიულობის ფონზე პანიკური შეტევები ემართებათ, თუმცა ეს პანიკური აშლილობის დიაგნოზის დასასმელად საკმარისი არ არის. თუმცა, როდესაც მოულოდნელ პანიკურ შეტევებს განუწყვეტელი ნერვიულობა და ქცევითი კორექცია ერთვის თან, დღის წესრიგში პანიკური აშლილობის დიაგნოზის დასმაც უნდა დადგეს.

  • იპოქონდრიული აშლილობა და სომატური სიმპტომის აშლილობა - GAD-ისგან განსხვავებით, როდესაც ადამიანები ერთდროულად ბევრ საკითხზე ნერვიულობენ, იპოქონდრიის დროს შფოთვის ფოკუსი მხოლოდ დაავადებაზე არის კონცენტრირებული. სომატური სიმპტომის აშლილობის დროს, შფოთვის მთავარი საგანი რაღაც კონკრეტული სიმპტომები შეიძლება იყოს.

  • ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD) - GAD-ის დიაგნოზის მქონე ადამიანები, როგორც წესი, მოსალოდნელ პრობლემებზე არსებულ ინტენსიურ შფოთვას უჩივიან. OCD-ს დროს აკვიატებებს შეუსაბამო, შეუფერებელი, უხამსი, აბეზარი ფიქრების სახე აქვს, რომელთა შესაჩერებლად რიტუალების ჩატარება ხდება აუცილებელი.

  • პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) / ადაპტაციის დარღვევები - შფოთვა PTSD-ის განუყოფელი ნაწილია. GAD-ის დიაგნოზი არ ისმება, თუ აღნიშნულ ჩივილები PTSD-ით უფრო ზუსტად აიხსნება. ადაპტაციის დარღვევების დროს, შფოთვა იდენტიფიცირებად სტრესორზე პასუხია, რომელიც გამღიზიანებლის ფონზე 3 თვის მანძილზე ვლინდება და სტრესული სიტუაციიდან გარიდების შემთხვევაში ჩივილები 6 თვეზე მეტხანს აღარ გრძელდება.

  • დეპრესიული, ბიპოლარული და ფსიქოზური აშლილობა - გენერალიზებული შფოთვა ხშირად დეპრესიული, ბიპოლარული და ფსიქოზური აშლილობის ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომია. თანმდევ დიაგნოზად მას იმ შემთხვევაში გამოყოფენ, როდესაც შფოთვას/ნერვიულობას კლინიკურად საყურადღებო სიმწვავის ხარისხი აქვს.

GAD-ის მკურნალობა კომპლექსურ ხასიათს ატარებს და იგი მის სიმწვავეზე, დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობაზე, ადამიანის ასაკსა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

  1. მედიკამენტური მკურნალობა - სეროტონინის სელექტიური უკუმიტაცების ინჰიტორი (SSRI) ანტიდეპრესანტები GAD-ის მკურნალობაში პირველი რიგის მედიკამენტებს მიეკუთვნება. მათთან ერთად შესაძლოა საჭირო გახდეს ანქსიოლიტიკებისა (შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტები) და ჰიპნოტური (საძილე) პრეპარატების გამოყენებაც. 

  2. ფსიქოთერაპია - მედიკამენტური თერაპიის პარალელურად აუცილებელია ფსიქოთერაპიის კურსის გავლა, რათა ადამიანი უკეთ გაერკვეს საკუთარი დიაგნოზის რაობაში და სტრესთან გამკლავების სტრატეგიები ისწავლოს.

  3. ცხოვრების წესის მოდიფიკაცია - სტრესის შემცირებაში ფიზიკური აქტივობა, ძილის რეჟიმის მოწესრიგება და მავნე ნივთიერებებისგან დისტანცირება ძალიან დიდ როლს თამაშობს. 







 
 
 

Recent Posts

See All

Comments


bottom of page